საზოგადოება
22.05.2025 11:21
გორში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში სპორტის პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს

გორში საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა.

დეპუტატებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სპორტის პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

სხდომაზე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების კანონპროექტი განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ წარადგინა.

პროექტი ითვალისწინებს სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, იმ პირთა წრის გაფართოებას, რომლებისთვისაც ეროვნული გამოცდების გარეშე ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დასაშვები იქნება. მოცემული წესი გავრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ. ამასთანავე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში პირობით იქნენ ჩარიცხულნი.

კვირის ამბები