დღეს, 22 მაისს, პირველკლასელთა მესამე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე - registration. emis. ge და ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
„ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
რაც შეეხება დოკუმენტებს, პირველ კლასში ჩასარიცხად საჭიროა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ ბავშვების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც 2025 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, უფლება აქვთ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, - აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამნისტროში.