საზოგადოება
21.05.2025 14:13
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება - გაეცანით მოსწავლის რეგისტრაციის ინსტრუქციას

ხვალ, 22 მაისს, 09:00 საათზე, პირველკლასელთა მესამე ეტაპის რეგისტრაცია იწყება, რომელიც ელექტრონულ ფორმატში წარიმართება.

განათლების სამინისტროის ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე - registration. emis. ge

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ 2025-2026 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი, ან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

„გორის მაცნე“ გაგაცნობთ მოსწავლის რეგისტრაციის ინსტრუქციას - ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გადასვლის შემდეგ, აირჩიეთ: რეგისტრაცია. შემდეგ ავსებთ მოსწავლის მონაცემებს: პირადი ნომერი, სახელი, გვარი. მომდევნო ეტაპზე შეგყავთ მშობლის (ერთ-ერთის) მონაცემები: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა. ცნობისთვის, ელექტრონული ფოსტის გარდა ყველა ველის შევსება სავალდებულოა. მომდევნო ეტაპზე კი ირჩევთ სასურველ სკოლას, ამისთვის შესაბამის ველებში უნდა შეავსოთ მონაცემები სასურველი რეგიონის, რაიონის, სკოლის, სექტორის (ქართული, რუსული...), სასურველი ცვლის და მისამართის შესახებ.

რეგისტრაციის დასრულებამდე, ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე - ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 

კვირის ამბები