შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის ახლადრეაბილიტირებული სკოლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი მოდებაძემ, მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ დაათვალიერეს.
სტუმრებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ქვენატკოცის საჯარო სკოლა - 500 მოსწავლეზე, ოსიაურის საჯარო სკოლა კი 300 მოსწავლეზეა გათვლილი.
„სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. ორივე სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარით და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.
სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, სახანძრო სიგნალიზაციის და გათბობის ახალი სისტემებით“, - აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.