გორის ამპუტანტთა ფეხბურთის გუნდი - „დილა“ „საქართველოს თასი 2025“-ის გამარჯვებულია.
ფინალში გორელები ბათუმის „ბათუმს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მოწინააღდეგის კარში გოლი მათე ქარდავამ გაიტანა.
„დილა“ აღნიშნული თასის მფლობელი უკვე მესამედ გახდა.
„ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბი გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფეხბურთო კლუბ „გორის“ შემადგენლობაშია და შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობს. გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის და ქვეყნის სუპერთასის მფლობელია. „დილამ“ 2024 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა. რაც შეეხება გუნდის შექმნის მიზანს, ამპუტირებულთათვის სპორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ცნობისთვის, გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი - „დილა“ 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატზეც იასპარეზებს, რომელიც ივნისში დაიწყება.