ტურიზმი
19.05.2025 12:08
შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში საზეიმოდ გაიხსნა.

გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშები, ტრადიციული პროდუქტები, სერვისები და ტურისტული მიმართულებების ამსახველი მასალები წარადგინეს. გაიმართა გამოფენა-გაყიდვა.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმოდგენილ საქმიანობის ამსახველ ფოტოებს, მაკეტებს, საგანმანათლებლო მოწყობილობებს და ვიზუალურ ინსტალაციებს გაცნობოდა.

დაინტერესებულმა ვიზიტორებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ეკოტურისტულ მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და მიმდინარე გარემოსდაცვით აქტივობებზე.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, რეგიონში არსებული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესწრებოდნენ.

კვირის ამბები