ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღეს აღინიშნა შიდა ქართლშიც.
ამ დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
პარაკლისს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები გორის ოლქიდან.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღვრობით, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძრიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო.
შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.