სახელმწიფო მეფუტკრეობის მიმართულებით მომუშავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძენი აღჭურვილობის ღირებულების 70% (მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე) დაუფინანსდებათ.
ის კოოპერატივები კი, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შშმ პირები ან დევნილები, პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის შესაძენად არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას (მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე) მიიღებენ.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას (მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე).
„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა: ხის ან პენოპოლისტიროლის სკა; თაფლის საწური (ციბრუტი); თაფლის შესანახი ავზი; ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით; ფიჭის ანათლის ავზი; ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.
ბენეფიციარს, პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე“, - აცხადებენ სააგენტოში.