18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა. 2015 წელს კი, საქართველოც შეუერთდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ წამოწყებულ ინიციატივას და დამთვალიერებელს ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ღია კარის დღეებს სთავაზობს.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ, გასული წლების მსგავსად, გორის მუნიციპალიტეტი მასშტაბით მოქმედ მუზეუმებში სხვადასხვა აქტივობა წელსაც დაიგეგმა.
„გორის მაცნე“ გაგაცნობთ ღონისძიებების ჩატარების დროსა და ლოკაციებს:
ხვალ, 18 მაისს გორის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებელს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს (მის: კირიომ მეორის N12);
საბრძოლო დიდების მუზეუმში აქტივობა დაგეგმილია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (მის: სტალინის გამზ. N19);
10:00-დან 17:00 საათამდე ღია კარის დღეები ჩანიშნულია ალექსანდრე ჯავახიშვილის და ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმებშიც.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტში 18 მაისს, ასევე, დაგეგმილია ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნაც. საზეიმო ღონისძიება უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება.
აქტივობები 13:00 საათზე დაიწყება.