საზოგადოება
16.05.2025 11:37
„განათლება უკეთესი მომავლისთვის“ - სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

საგანმანათლებლო პროექტი - „განათლება უკეთესი მომავლისთვის“ გრძელდება, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემი“ახორციელებს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტი ოთხთვიანია და სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები 14-დან 19-წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდები არიან ჩართულნი.

არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები. გარდა ამისა, ახალგაზრდები სტუმრობდნენ სამეწარმეო დაწესებულებებსაც. მოზარდების მიერ წარმოდგენილ იდეებს შორის კი საუკეთესო პროექტის იდეა დაფინანსდება.

როგორც „გორის მაცნესთან“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერი მაყიშვილმა აღნიშნა, საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაა.

„პროექტის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, საგანმანათლებლო ტრენინგები, შეხვედრები წარმატებულ ადამიანებთან, გასვლითი ღონისძიებები და კონკურსები, ასევე, მოეწყობა ბანაკიც. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელს ნინო ბერიანიძეს ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა მერი მაყიშვილმა.

კვირის ამბები