შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამსა და საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ საკორინთლოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკამში 1 202 მეტრი სიგრძის ქუჩის მონაკვეთზე, სადაც გრუნტიანი გზა იყო, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
გარდა ამისა, საკორინთლო-ახალშენას სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, რომლის სიგრძე 618 მეტრია, არმირებული ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 1 138 356 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილი გაეცნენ.