დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა გიორგი წამალაშვილმა და ალეკო ბურნაძემ პოლონეთის ქალაქ დებლინში, საჰაერო ძალების აკადემიაში გამართულ „კადეტთა მე-4 საერთაშორისო კვირეულში“ მიიღეს მონაწილეობა.
როგორც აკადემიაში აცხადებენ, კვირეულის მანძილზე დაგეგმილი იყო სხვადასხვაგვარი სამხედრო, სპორტული და აკადემიური ღონისძიებები. ადგილობრივმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა იუნკერებს გააცნეს ნატოს სტანდარტების შესაბამისი საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმები.
„ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ, იუნკერებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სახის საჰაერო ტრანსპორტის და აეროდრომების მართვის სიმულაციებში, საპარაშუტო და გადაუდებელი კატაპულტირების სწავლებებში. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა პრეზენტაციები ჩაატარეს თავიანთი სამხედრო სასწავლებლების შესახებ.
კადეტთა კვირეულები არა მხოლოდ ცოდნის ურთიერთგაზიარებას, არამედ პიროვნული ურთიერთობების და სამომავლოდ საქმიანი კავშირების დამყარებას ემსახურება“, - აცხადებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.