საზოგადოება
15.05.2025 15:56
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.

„წლის საუკეთესო, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათთვის როგორც სოციალური, ასევე, სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი შიდაქართლელ პედაგოგს, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს - მედეია ტრამაკიძეს გადაეცა. გასულ წელს კი პრემია და ფულადი პრიზი გორელმა პედაგოგებმა - გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვერა სომხიშვილმა და გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ნანა წიწუაშვილმა მიიღეს.

მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წელს დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე კი 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

კვირის ამბები