სპორტი
15.05.2025 15:44
გორში სახალისო გარბენი გაიმართა

ევროპის დღის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, გორში სახალისო გარბენი გაიმართა.

გარბენმა სტარტი გორის „დილას“ სტადიონის პარკინგიდან აიღო და შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. პატარა ბავშვებმა - 50 მ, მოზრდილებმა - 500 მ, ზრდასრულებმა კი 5 კილომეტრის დისტანცია ირბინეს. შემდეგ კი, EUMM-ის გორის ოფისსა და გორის საფეხბურთო კლუბ „გორის დილას“ ადმინისტრაციულ პერსონალს შორის საფეხბურთო მატჩი ჩატარდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს თასები, მედლები და საჩუქრები გადაეცათ.

შეგახსენებთ, ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, 9 მაისს აღინიშნება. ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს შუმანმა იდეა წარადგინა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირის და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა.

საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წლიდან შეურთდა. ამ დღესთან დაკავშირებით იმართება კვირეული, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

კვირის ამბები