საზოგადოება
15.05.2025 12:23
ჩვილ ბავშვთა კვების ნიმუშებში შეუსაბამობა არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ პროდუქციას „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობა ქვეყანაში მაღალი სტანდარტით კონტროლდება. 2025 წელს, სალმონელასა და ლისტერიაზე გამოკვლეულია 20 ნიმუში და შეუსაბამობა არ გამოვლენილა. კვლევები დაგეგმილია სხვა მაჩვენებლებზეც.

„კონტროლის პროგრამის ფარგლებში, HACCP-ის გეგმური აუდიტი, ასევე, ბავშვთა კვების პროდუქტების როგორც მწარმოებელ, ისე დამფასოებელ ბიზნესოპერატორებთან ხორციელდება. მოწმდება ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ეტიკეტის შესაბამისობაც კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

რაც შეეხება გასულ 2024 წელს, სააგენტომ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის 95 ნიმუში. მათ შორის მიკრობიოლოგიურ (Salmonella, Listeria monocytogenes) მაჩვენებლებზე გამოკვლეულია სურსათის 55 ნიმუში, ქიმიურ მაჩვენებლებზე (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები: ბენზო(a)პირენი, ბენზო(a)ანთრაცინი, ბენზო(a)ფლუორენი, ქრიზენი. ტყვია, კადმიუმი, ნიტრატები) კი, 40 ნიმუში. არც ერთ გამოკვლეულ ნიმუშში შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

საქართველოში ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობის და ეტიკეტირების კონტროლი ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად არის შემუშავებული და დაახლოებულია ქართულ კანონმდებლობასთან“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები