სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, ლიეტუვას, ესტონეთის ელჩები ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი მოინახულეს, დაწესებულების საქმიანობას და ბენეფიციართა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა სერვისების სამმართველოს უფროსმა თამარ კაკულიამ და შიდა ქართლში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) უფროსმა ლამარა შაყულაშვილმა სტუმრებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (დამოკიდებულ პირებთან ერთად) სახელმწიფო სერვისების და მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს.
როგორც „გორის მაცნესთან“ შიდა ქართლში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა ლამარა შაყულაშვილმა აღნიშნა, საქმიანობის ძირითადი მიმართულება ძალადობის მსხვერპლთათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება, იურიდიული, სამართლებრივი, სამედიცინო მომსახურების მიღებაში მხარდაჭერა, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფაა.
„შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვებსა და ქალების მიმართ ძალადობის ფაქტებზე. სტუმრებმა ამ კუთხით მათთან არსებული გამოცდილებაც გაგვიზიარეს.
შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება 15 წელია ფუნქციონირებს და დღემდე 1500-მდე ბენეფიციარს არაერთი მიმართულებით დავეხმარეთ.
მიმდინარე წელს 31 ბენეფიციარი გვყავდა თავშესაფარში, რომელთა ჩვენთან მოხვედრაც სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით ხდება. კრიზისულ ცენტრში კი ბენეფიციარს შეუძლია ნებისმიერ დროს დარეკოს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისი კონსულტაცია და დახმარება“, - აღნიშნა ლამარა შაყულაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით, 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. ასევე, ფუნქციონირებს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი - 116 006, ზარი უფასოა, კონსულტირება 24 საათის განმავლობაში 9 ენაზეა შესაძლებელი.