საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.
სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული ვეტერინარული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უმაღლესი სასწავლებლების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისა და პრაქტიკოსი ვეტერინარებისგან.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სერტიფიცირება ხელს შეუწყობს, საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას; მოქალაქეთა და ცხოველების ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.
დაინტერესებულ პირებს ვეტერინარიის და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების, პროფესიული განვითარების წესის და პირობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: nfa. gov. ge.