ათასწლეულის ინოვაციის 2025 წლის კონკურსში მონაწილობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგების და ინოვაციების პოპულარიზაციას საქართველოში მცხოვრებ უფროსკლასელ ახალგაზრდებში.
პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება და მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, შეიმუშაონ და წარადგინონ ინოვაციური პროექტები საინჟინრო-საბუნებისმეტყველო (STEM) დარგებში.
რაც შეეხება მონაწილეობას, 13-დან 17 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ გუნდების ფორმირება და პროექტების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.), რობოტექნიკა.
„მონაწილეთა ნამუშევრებს შეაფასებს დამოუკიდებელი ექსპერტთა ჟიური, რომელიც განიხილავს პროექტების ინოვაციურობას, განხორციელებადობას და გავლენის მასშტაბს.
კონკურსის შერჩევითი ეტაპების შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ განსაკუთრებულ პროექტებს ინოვაციის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი აშშ-ში, NASA-ს საზაფხულო სკოლაში მიიღებს მონაწილეობას (Space Center University), მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ჩაერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას. ფინალისტ გუნდებს გადაეცემათ სხვადასხვა სპეციალური ჯილდო“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კონკუსში მონაწილობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 მაისია.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 591 21 82 82.
ცნობისთვის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს „ათასწლეულის ფონდი“ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მეთერთმეტე წელია ახორციელებს. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი არიან.
კონკურსში, საქართველოს მასშტაბით დაარსებიდან დღემდე, 3500-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
გორელმა მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსში მესამე ადგილი დაიკავეს.