გორის მუნიციპალიტეტმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT 2025“ მიიღო მონაწილეობა.
შიდა ქართლის რეგიონი დამთვალიერებელს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ, ხაშურის, ქარელის, კასპის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
ღონისძიების მიზანი ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა იყო.
„დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდებოდა ჩვენ სტენდთან. სტუმრებს ძალიან მოეწონათ გორის ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სახელოსნოს მინი გალერეის კერამიკული ნაწარმი, აქტიურად მონაწილეობდნენ მასტერკლასებში და საკუთარი ხელით ქმნიდნენ სუვენირებს. დიდი მოწონება, ასევე, დაიმსახურა ანსამბლ „გორის“ შესრულებულმა სიღერებმა, ხალხური რეწვის ოსტატების და მცირე მეწარმეების მიერ წარმოდგენილმა სხვადასხვა სახის პროდუქციამ. გამოფენის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია ,,Expo Batumi”-ის ორგანიზებით გაიმართა.