საზოგადოება
13.05.2025 11:25
გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთათვის გამოცხადებულ სცენარების კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანის ვადა გახანგრძლივდა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთათვის გამოცხადებულ სცენარების კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანის ვადა გახანგრძლივდა და 10 მაისის ნაცვლად, 15 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავალის“ მხარდაჭერით ახორციელებს და როგორც სააგენტოში განმარტავენ, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს (ინდივიდუალურად, ან გუნდურად), ვისაც უყვარს წერა და გადაღება, აქვს კრეატიული იდეები გარემოს დაცვაზე, ხედვა ბუნების გადარჩენასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკურსის თემას, მონაწილემ უნდა დაწეროს ერთ-ერთი, მხატვრულ-დოკუმენტური სცენარი 3-წუთიანი ვიდეოსთვის: ადამიანი და ბუნება - თანაცხოვრება პასუხისმგებლობით; დაცული ტერიტორიები - შენარჩუნებული მომავალი; ნარჩენების მართვა იწყება შენით.

„თითოეულ თემას 1 გამარჯვებული (სულ 3 გამარჯვებული) ეყოლება. ფინალისტები კი გაივლიან ვიდეო გადაღების და მონტაჟის უფასო ტრენინგს. შემდეგ კი ჟიურის წინაშე, ასევე, წარადგენენ იდეას/სცენარს.

მონაწილემ სცენარი უნდა გამოაგზავნოს pdf ფორმატში, სააგენტოს ოფიციალურ მეილზე: developmentgori @ gmail. com.

მსურველებს განაცხადის წარმოდგენა 15 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. გამარჯვებულებს კი ტექნიკის მაღაზიის 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტელეფონის ნომერზე - 593 45 14 28 უნდა დარეკონ.

კვირის ამბები