სპორტი
08.05.2025 15:01
გორი ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს

გორის სპორტის სასახლე ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს.

შეჯიბრი 10-11 მაისს ჩატარდება და უფროსებს შორის გაიმართება.

ტურნირი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და თხუთმეტი ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მონაწილეთა შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები.

აქტივობა ევროპის ძიუდოს კავშირის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

„ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს კაცებში - სამ, ხოლო ქალებში ოთხ წონაში გაირკვევა საუკეთესოთა ვინაობა, მეორე საშეჯიბრო დღეს კი კაცებში - ოთხ, ხოლო ქალებში სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გორი ევროპის თასს დიდებში პირველად მასპინძლობს. გასულ წელს გორის სპორტის სასახლემ იგივე რანგის შეჯიბრს ჭაბუკებს შორის უმასპინძლა. 2022 წელს კი ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ჩატარდა“, - აღნიშნულია სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ორივე საშეჯიბო დღეს ასპარეზობა 10:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები