გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დირექტორებმა და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი მენიუს გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. შეხვედრას, ასევე, სააღმზრდელო დაწესებულების კვების განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილეს საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი კვების ახალი მენიუ, რომელიც HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების გათვალისწინება სურსათის უვნებლობაში) სტანდარტების დაცვით არის შემუშავებული და მიზნად ისახავს ბავშვების კიდევ უფრო ჯანსაღი, მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების უზრუნველყოფას.
„რაციონი შედგენილია ნუტრიციოლოგების მიერ, სააგენტოს კვების სპეციალისტების და ბაღების დირექტორების კონსულტაციების გათვალისწინებით.
ახალი სტანდარტების ეფექტურად დანერგვის მიზნით, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება სამზარეულოს პერსონალის გადამზადებაც.
განახლებული მენიუ სექტემბრიდან შევა ძალაში“, - აცხადებენ სააგენტოში.