გორის მუნიციპალიტეტში პროექტის - „ციფრული ინტელექტი - 2025“ მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს. განსაკუთრებული პრიზები გადაეცათ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდებს.
ღონისძიებაზე, ასევე, გამოვლინდნენ პროექტის - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ გამარჯვებულებიც. ახალგაზრდული პროექტების მონაწილეები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ინოვაციური პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „ქართული გენია ჰოლდინგის“ თანადაფინანსებით, სტუდია „ოქონას“, გორისა და ატენის ეპარქიის და გორის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული.
„პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ფოტო-ვიდეო გადაღება, ვიდეო მონტაჟი, გრაფიკული არქიტექტურა და პროგრამირება შეისწავლეს, გარდა ამისა, მოზარდებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგებიც ჩაუტარდათ.
წელს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროექტებში 700-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდებიან“, - აცხადებენ გორის მერიაში.