საზოგადოება
08.05.2025 10:10
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსზე საბუთების მიღება დაიწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსზე საბუთების მიღება დაიწყო.

აკადემიის ინფორმაციით, საბუთების მიღება 26 ივნისის ჩათვლით განხორციელდება და კურსზე მიიღებიან: უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;

ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვაზე;

უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;

უმაღლესი განათლების მქონე, პროფესიულ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;

სამედიცინო განათლების და ექიმის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით;

უმაღლესი განათლების მქონე ეროვნული გვარდიის ტერიტორიულ რეზერვში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით.

„კურსზე მისაღები ადგილების რაოდენობა 70-ს შეადგენს, კანდიდატების შერჩევა კი ოთხი კომპონენტის შესაბამისად განხორციელდება: გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიური შერჩევა, სამედიცინო შემოწმება და სამართალდარღვევაზე შემოწმება.

სწავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება; სამოქალაქო პირებისთვის დარიცხული ფულადი სარგო შეადგენს -1526 ლარს.

კურსდამთავრებულები დასაქმდებიან მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში და ექნებათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ასევე, ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებით და პრივილეგიებით. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭებათ წოდება „ლეიტენანტი“ და სწავლას გააგრძელებენ სამხედრო სპეციალიზაცის კურსებზე.

სასწავლო პროცესი 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება“, - აცხადებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.

საბუთების მიღება მიმდინარეობს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მისამართზე: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 577 39 01 94; 599 90 15 61.

კვირის ამბები