საზოგადოება
07.05.2025 14:30
მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ დატოვებენ ცხოველებს დაუსახლებელ ადგილებში

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ დატოვებენ ცხოველებს დაუსახლებელ ადგილებში, სადაც მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიუსაფარი ცხოველების ჰუმანურად შესამცირებლად მოქალაქეებს შინაური ცხოველების უფასო სტერილიზაციას სთავაზობენ.

„რამდენიმე დღის წინ, სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფმა სოფელ ნიგოზასთან თხრილში ჩაგდებული დედა ძაღლი და 11 ლეკვი გადაარჩინა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ ტოვებთ ცხოველებს დაუსახლებელ ადგილებში, სადაც მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია და ნუ აქცევთ ავტომობილების მსხვერპლად ოთხფეხა მეგობრებს.

მათ ჰუმანურად შესამცირებლად, სააგენტო გაძლევთ საშუალებას, რომ დაარეგისტრიროთ და გაასტერილოთ თქვენი შინაური ცხოველი სრულიად უფასოდ. გადაიხდით მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს (19 ლარი).

სერვისით სარგელობისას ცხოველის მეპატრონემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაგვიკავშირდით: 599 41 45 49“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, აქციის ფარგლებში ძაღლის და კატის სტერილიზაციასთან ერთად, ასევე შესაძლებელია ანტირაბიული ვაქცინაცია და ექიმი-ვეტერინარის კონსულტაცია.

სააგენტო რეგისტრირებული ცხოველების და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ცხოველის პოვნის შემთხვევაში კი, მარტივად დაადგენენ პატრონის ვინაობას.

კვირის ამბები