ცესკომ და სწავლების ცენტრმა, ახალი ინიციატივის ფარგლებში, სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებლად იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმა შეიმუშავა.
ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, ეწვიონ პროგრამას და გაიარონ შესაბამისი ტესტური დავალებები. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი.
როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინიციატივის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა.
„იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმა მომხმარებელს ანიჭებს შესაძლებლობას, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად ეწვიოს პროგრამას და გაიაროს შესაბამისი ტესტური დავალებები.
იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება - 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით. იმიტირებული გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.
სასწავლო მიზნებისთვის, იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი“, - აცხადებენ ცესკოში.
რაც შეეხება საგამოცდო კატეგორიებს, იმიტირებული სერტიფიცირების გამოცდა მოიცავს: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერტიფიკაციო გამოცდას.
დაინტერესებულ პირს დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლია ცესკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.