საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრმა სიმონ გულედანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ყოფილ რწმუნებულს ლევან ხარაბაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
„უკვე შევუდექი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე საქმიანობას. მინდა, ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მმართველ პარტიას. მოგეხსენებათ, გარკვეული წლების მანძილზე მხარის გუბერნატორის მოადგილის და შემდეგ უკვე რწმუნებულის პირველი მოადგილის პოზიციაზე ვმუშაობდი. კარგად ვიცნობ შიდა ქართლში არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე სიმონ გულედანი გუშინ, 6 მაისს, დანიშნა. გულედანმა ლევან ხარაბაძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2024 წლის მარტიდან მუშაობდა.