ასთმის გლობალური ინიციატივის მიერ, ყოველწლიურად, მაისის პირველ სამშაბათს ასთმის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღის დაარსების მიზანი ასთმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
წელს, ასთმის მსოფლიო დღე 6 მაისს აღინიშნება სლოგანით - „ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ საინჰალაციო საშუალებებით მკურნალობა“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ასთმისა და ასთმური სტატუსის დიაგნოზით საქართველოში რეგისტრირებულია 8 690 პირი, მათ შორის სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით- 1093 პირი. 2008-2023 წლებში დაავადების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
რაც შეეხება საქართველოში ასთმის გავრცელებას რეგიონების მიხედვით, 2023 წელს განსხვავებულია. მაჩვენებელი მაღალია რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში და იმერეთში. ხოლო დაბალია თბილისში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
„ასთმა არაგადამდები დაავადებაა, რომელიც ყოველწლიურად260 მილიონი ადამიანის დაავადებას და450 000 სიკვდილს იწვევს მსოფლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ დაავადებათა გლობალური ტვირთის2021 წლის კვლევის მონაცემებით საქართველოში ასთმის ახალი შემთხვევების შეფასებითი მაჩვენებელი100 000 მოსახლეზე გაცილებით დაბალია გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით.
ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ასთმის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფილია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფები, მ.შ. საპენსიო ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით და თაანმედროვე სამკურნალო საშუალებებით ასთმა სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.