საზოგადოება
06.05.2025 11:37
ევროპის დღის ფარგლებში, გორში სახალისო გარბენი გაიმართება

ევროპის დღის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისი და გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გორში სახალისო გარბენი გაიმართება.

გარბენი სტარტს 10 მაისს, 13:00 საათზე, გორის „დილას“ სტადიონის პარკინგიდან აიღებს და გორის ქუჩების კონკრეტულ მარშრუტს მოიცავს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გარბენის მანძილი განსხვავებულია და პატარა ბავშვებისთვის - 50 მ, მოზრდილებისთვის - 500 მ, ზრდასრულებისთვის კი 5 კილომეტრია. გარბენის შემდეგ, EUMM-ის გორის ოფისსა და გორის საფეხბურთო კლუბ „დილა გორის“ ადმინისტრაციულ პერსონალს შორის საფეხბურთო მატჩი ჩატარდება.

ცნობისთვის, ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, 9 მაისს აღინიშნება. ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს შუმანმა იდეა წარადგინა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირის და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა.

საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წლიდან შეურთდა. ამ დღესთან დაკავშირებით იმართება კვირეული, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

კვირის ამბები