06.05.2025 09:30
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სუხიშვილის ქუჩაზე 17 თებერვალს ავტომანქანა დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა
37 წლის ქალი, რომელსაც ორი თვის წინ, გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 17 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველთა ტქმით, ავტომანქანა ამავე ქუჩაზე მცხოვრებ ქვეითს მაშინ დაეჯახა, როცა ახალგაზრდა ქალი ,,ზებრა" გადასასვლელზე გადადიოდა.
დაშავებული ქალი უმძიმეს მდგომარეობაში, პოლიტრავმით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ, მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თუმცა, 75-დღიანი ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.
მძღოლი, რომელიც ქვეითს დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, სამართალდამცავებმა მალევე შეძლეს ავტომობილის იდენტიფიცირება და მძღოლის დაკავება.
გარდაცვლილს 3 შვილი ჰყავდა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 3 წლისაა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრტხოების წესის დარღვევას გულისხმობს.