სპორტი
05.05.2025 16:29
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება - თამაშთან დაკავშირებით, გორში საგულშემატკივრო მსვლელობა მოეწყობა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

თამაში 8 მაისს 17:00 საათზე დაიწყება და „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.

მატჩთან დაკავშირებით, ბავშვთა სპორტული ეროვნული ფანკლუბი - „ქართლი“, 13:00 საათიდან, გორში საგულშემატკივრო მსვლელობას მოაწყობს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სპორტულ აქტივობაში მონაწილე ბავშვები ხელბურთის სპორტული მაისურებით და ეროვნული სუვენირებით დასაჩუქრდებიან. გამოყოფილი იქნება შესაბამისი საგულშემატკივრო სექტორიც. ბავშვების გზის უსაფრთხოება მოხდება საპატრულო ეკიპაჟების გაცილებით, გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და უფასო ტრანსპორტიც.

საგულშემატკივრო მარში საქართველოს სპორტის სამინისტროს, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით მოეწყობა.

ცნობისთვის ბავშვთა სპორტული ეროვნული ფანკლუბი - „ქართლი“ საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში არსებული საჯარო სკოლების ბაზაზე ჩამოყალიბებდა.

კვირის ამბები