დღეს, 5 მაისს, ბებიაქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1991 წელს, 34 წლის წინ ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის მიერ დაწესდა და საზოგადოებაში ბებიაქალთა (მეანი ექთნის) მნიშვნელოვანი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
წელს ბებიაქალთა საერთაშორისო დღე თემით: „ბებიაქალი - ყველა კრიზისის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ აღინიშნება. კამპანია ხაზს უსვამს ბებიაქალების განსაკუთრებულ და ხშირად გადამწყვეტ როლს სხვადასხვა კრიზისულ ვითარებაში, მათ შორის, ბუნებრივი კატასტროფების თუ კონფლიქტების დროს. კამპანია ადვოკატირებას უწევს ბებიაქალთა პროფესიულ გაძლიერებას და ყურადღებას ამახვილებს კრიზისების მართვაში ბებიაქალთა ჩართვის აუცილებლობაზე.
მედიკოსთა თქმით, ბებიაქალები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის და ავადობის შემცირებაში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
„საქართველოში, საექთნო და ბებიაქალთა საქმიანობის მხარდაჭერის და პროფესიული გაძლიერების მიზნით, გასული წლის თებერვალში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში, რომელთა მიხედვითაც ექთნების და ბებიაქალთა პროფესიები რეგულირებად პროფესიებად იქცა. ასევე, კანონით განისაზღვრა ექთნების და მეანი ექთნების საბაკალავრო, დიპლომისშემდგომ და უწყვეტ განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ბებიაქალთა როლი უმნიშვნელოვანესია გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების იმ მიზნების მისაღწევად, როგორიცაა დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.