საზოგადოება
02.05.2025 11:51
გორელმა პედაგოგებმა მოლდოვაში, საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

გორის პირველი, მერვე და მეათე საჯარო სკოლების პედაგოგებმა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში - „გაზაფხულის სკოლა სოციალურ, მწვანე მეწარმეობასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე“ მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება მოლდოვაში, რიშკოვას ეკოსოფელში მდებარე სასწავლო ცენტრში ჩატარდა და ეკო-მეგობრულ გარემოში მრავალფეროვან, ინტერაქტიულ აქტივობებს, თემატურ სემინარებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ჯგუფურ პროექტებზე მუშაობას ითვალისწინებდა.

პროგრამა, ასევე, მიზნად ისახავდა ახალგაზრდების, ტრენერების, ფასილიტატორების და სოციალური მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათთვის თანამედროვე, მდგრადი მიდგომების გაცნობას მეწარმეობასა და განათლებაში.

ღონისძიებას სოციალური მეწარმეობის ტრენერ-მასწავლებლებთან ერთად, ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის (EDEC) და მოლდოვის, უკრაინის და სომხეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „გორის მაცნესთან“ პირველი საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ხატია მშვიდობაძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობით გაიღრმავა ცოდნა და გაეცნო თანამედროვე მიდგომებს მეწარმეობასა და განათლებაში, რასაც მომავალ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებს.

„მოგეხსენებათ, სკოლაში დავაარსეთ სასკოლო, სამკერვალო-სამეწარმეო კომპანია, რომლის მიზანია სოციალური-სამეწარმეო კულტურის დანერგვა სკოლაში და მდგრადი წარმოების პოპულარიზაცია. ვკერავთ ჩანთებს, ბალიშებს, ბაფთებს და აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ მომავალ საქმიანობაში.

რაც შეეხება გეგმებს, ივნისში, ჩვენი საწარმოდან, ორ მოსწავლესთან ერთად, მივემგზავრები კიშინოვშნი, სადაც მონაწილეობას მივიღებთ მასწავლებლების და მოსწავლეების ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში. სამომავლოდ კი სკოლაში კერვის და ქარგვის მასტერკლასებს ვგეგმავთ, ვაპირებთ, შეკერილი პროდუქციის გამრავალფეროვნებას... წინ კიდევ ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს, ვნახოთ, როგორ გამოგვივა“, - აღნიშნა ხატია მშვიდობაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის (EDEC) პარტნიორი ორგანიზაცია EcoVisio-ს ორგანიზებით, ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით გაიმართა.

 

კვირის ამბები