საზოგადოება
01.05.2025 11:36
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალიდან დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 2 მაისიდან დაიწყება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ვადებში სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია, ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი საბუთების წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას, პირველ კლასში ჩასარიცხად საჭიროა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

შეგახსენებთ, 2025-2026 სასწავლო წელს 1-ელ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ. რეგისტრაცია კი 4 ეტაპად განხორციელდება. სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რომ ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

კვირის ამბები