თავდაცვის ძალების გაძლიერება, ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს, ერთდროულად, უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. ,,გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს, ერთდროულად, უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლის ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.
მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა, ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტიაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის თქვენ უპირველესი ადგილი გიკავიათ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება, ისევე როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.