2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულმა აბიტურიენტმა, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ირიცხება როგორც არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე, თუმცა, სწავლობს ნებისმიერი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კლასში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომ დამამთავრებელ კლასში ირიცხება.
როგორც ცენტრში აცხადებენ, დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა 15 მაისის 18:00 საათამდე.
„აღნიშნულ ვადაში უნდა მომართონ ცენტრს განაცხადით არადამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებმაც, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ. მათ განაცხადს უნდა დაურთონ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ რიცხულობის თაობაზე დოკუმენტი შესაძლებელია გაიცეს როგორც სკოლის, ისე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
რაც შეეხება განაცხადებს, მისი წარდგენა შესაძლებელია თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ე. მინდელის ქუჩა N9), რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.
თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველს შეუძლია დარეკოს ცენტრის ცხელ ხაზზე: 032 2 47 33 33.