27 აპრილს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ქვევრის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა.
თარიღის დაწესების მიზანს ქვევრის და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ღვინოზე, მის რეგიონულ ქვესტილებზე, ენოლოგიურ თავისებურებებზე, ტრადიციებზე, გასტრონომიულ ღირებულებაზე, ორგანოლეპტიკურ თვისებებზე და ნაირსახეობებზე (ვაზის ჯიშების და ადგილების მიხედვით) მსოფლიო ბაზრების მეტი ინფორმირებულობა წარმოადგენს.
„საქართველოსთვის ქვევრის დღის აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ქვევრში დაყენებული ღვინო უნიკალური პროდუქტია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს. ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა. განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება. ქვევრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქვეყანაში ტრადიდიად დამკვიდრდება და მომავალში ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას გაიმართება“ - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისთვის, 2024 წელს, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების თანხამ 1 559 284 ლარი შეადგინა. ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა-ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, ასევე, გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმები.