საზოგადოება
29.04.2025 12:20
„აცერი და დაიცავი“ – ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

„აცერი და დაიცავი“ - აპრილის ბოლო კვირას, ყოველწლიურად, ევროპის იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება. აქტივობის მიზანი საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან იცავს.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტური ინტერვენციაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაციის მეშვეობით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 3.5-5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საშუალებით ევროპის რეგიონს მიენიჭა პოლიომიელიტისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსი. დღეისთვის, ვაქცინაციის სრული სარგებლის რეალიზაციით, შესაძლებელია წითელას და წითურას, B ჰეპატიტის და საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია.

„იმუნიზაცია მოსახლეობას იცავს ვაქცინით მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისაგან. იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი და ეფექტური განხორციელების შედეგად მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ვაქცინით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა.

მიმდინარე წლის კამპანიის ძირითადი თემა „იმუნიზაცია ყველასთვის – ჩვენ ეს შეგვიძლია“ ხაზს უსვამს იმუნიზაციით მოცვის ხარვეზების აღმოფხვრაში ადამიანის ინდივიდუალურ და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობას. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იცავს იმუნიზაცია ადამიანის სიცოცხლეს დღეს და რისი მიღწევა შეიძლება მომდევნო ათწლეულებში იმის გათვალისწინებით, რომ უფრო მეტი ბავშვი და ზრდასრული მიიღებს ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელ ვაქცინებს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ვაქცინით მართვადი ინფექციებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, საქართველოში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას აცრების კალენდრით დამტკიცებული ვაქცინებით.

სახელმწიფო პროგრამა, ასევე, მოიცავს სეზონური გრიპის, ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა რისკ-ჯგუფში, ანტირაბიული და სხვა სტრატეგიული პრეპარატებით უზრუნველყოფას.

კვირის ამბები