პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ჩასარიცხად რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე, ვებგვერდზე: vet. emis. ge
როგორც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, წელს, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
„2025 წელს, კვლავ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში“, - აცხადებენ სამინისტროში.
2025 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე, რეგისტრაციის ინსტრუქცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პორტალზე: vet. emis. ge, ან დარეკონ ცხელ ხაზზე (+995 32) 2200 220.