საზოგადოება
28.04.2025 13:11
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ხვალიდან, 29 აპრილის 12:00 საათიდან შესაბამისი ბიუჯეტის (2 000 000 ლარი) ამოწურვამდე შეეძლებათ.

პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის) და ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ის თანადაფინანსებას.

რაც შეეხება თანადაფინანსების მოცულობას, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს (არაუმეტეს 100 000 ლარს) შეადგენს.

„თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, შესაძლებლობა გაქვთ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება მიიღოთ. რაც შეეხება პროგრამის მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა “, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

დაინტერესებულ პირებს, მეტი ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. ge

კვირის ამბები