საზოგადოება
28.04.2025 13:09
ჩინეთის ელჩმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერეს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერეთსა და ქვემო არცევში იმყოფებოდა.

სტუმრებმა სპორტული მოედნები დაათვალიერეს, მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სპორტული მოედნების მოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც ჩინეთის საელჩოს და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

თეა ახვლედიანმა ზემოაღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა, სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო კუთხით. მერეთში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდების და ბავშვების სიხარულისთვის, ასევე, ადგილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებისთვის, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩინეთის ელჩს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით და, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, მოხერხდა სპორტული მოედნების მოწყობა. აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის და განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

კვირის ამბები