2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეცხრედ ხორციელდება.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 30 მაისის ჩათვლით ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს, ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www. tprize. ge
მასწავლებლების ნომინირება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს შეუძლიათ.
რაც შეეხება კონკურსის ეტაპებს, მასწავლებლების ჯილდო სამ ეტაპად გაიმართება და კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება; მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა; მესამე ეტაპზე კი ხუთი ფინალისტი დასახელდება. კონკურსანტებს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. ჟიურის წევრები განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები არიან.
5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გორის მერვე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები - EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.