დევიზით - „ბიბლიოთეკა - ადგილი, სადაც გინდა იყო“, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოს საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის (პედაგოგი ქეთევან კოპაძე) და ცენტრალური ბიბლიოთეკის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
საგანმანათლებლო აქტივობა გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის აღნიშვნა წიგნის საერთაშორისო დღეს დაიწყო.
„საბიბლიოთეკო ასოციაცია ბიბლიოთეკების კვირეულს, საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად მართავს და ჩვენც აქტიურად ვუერთდებით.
კვირეულის ფარგლებში, ვმართავთ შეხვედრებს მკითხველთან, ვსაუბრობთ ბიბლიოთეკების მუშაობის სპეციფიკაზე, კეთდება გასული სამუშაო პერიოდების შეფასება და ანალიზი, ხდება გამოცდილების გაზიარება, იგეგმება სამომავლო აქტივობები“, - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ცნობისთვის, წელს საბიბლიოთეკო კვირეული წიგნის საერთაშორისო დღეს - 23 აპრილს გაიხსნა. რაც შეეხება ამ დღეს, 1995 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა, რომლის მიზანი განათლების გავრცელება და კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლებაა.
საქართველოში კი მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო. ამ დღეს წიგნების გაჩუქების იდეა თანამედროვე ავტორს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.