გორში „ოქონობა“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ოქონის ტაძარში აღავლინა.
საეკლესიო მსახურებას მრევლთან ერთად, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე ანდრიამ გორი დალოცა და ტრადიციული საზეიმო მსვლელობისას ქალაქის ქუჩები აკურთხა.
შეგახსენებთ, „ოქონობის“ დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს ოცდამეერთედ აღინიშნა.
დღესასწაული კი უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. რელიგიური სიწმინდე 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. ამჟამად ხატი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ოქონის ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება. სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.