ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტის, თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შერჩევა ხვალ, 23 აპრილს დასრულდება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, თემატური ახალგაზრდული ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია/წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობის, მონაწილეობის, პატრიოტული ღირებულებების შესახებ.
„საბანაკე პროგრამა ოთხდღიანია და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მათთვის საინტერესო, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში. ბანაკში გაიმართება სატრენინგო და საინფორმაციო სესიები თემებზე: კონფლიქტების მართვა და მედიაცია; გლობალიზაცია და საერთაშორისო დღის წესრიგი; ფსიქოლოგია და ინდივიდის როლი საზოგადოებაში; ახალგაზრდული შესაძლებლობები და პროექტის ინიცირება; თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.
ბანაკები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით“, - აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.
რაც შეეხება მონაწილეობას, თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე უნდა იყოს 18-25 წლის, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, ჰქონდეს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია და შეავსოს განაცხადი სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე.
აპლიკაციის შევსების შემდეგ, მითითებულ ელ-ფოსტაზე გააგზავნოს დოკუმენტები: camps@youthagency. gov. ge (სათაურით „თემატური ახალგაზრდული ბანაკი“).
მონაწილეთა ტრანსპორტირებას, განთავსებას და კვებას ახალგაზრდობის სააგენტო უზრუნველყოფს.
ახალგაზრდობის სააგენტო თემატურ ახალგაზრდულ ბანაკებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.