გორელმა მოკრივემ ლევან დემუროვმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტსმენი 67 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. სამი შეხვედრა ჩაატარა, მოლდოველი და სომეხი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ფინალურ ბრძოლაში კი ქართველი სომეხ არმენ მაშარაკიანთან დამარცხდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
როგორც დემუროვმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, შეჯიბრმა უდიდესი გამოცდილება მისცა და საკუთარი შედეგითაც კმაყოფილია.
„საკმაოდ დაძაბული შეხვედრები ჩავატარე. ძლიერი მეტოქეები მყავდა, რომლებსაც ოლიმპიადაზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე დიდი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება ჩემს შედეგს, მეორე ადგილით და ვერცხლის მედლით კმაყოფილი ვარ და ვეცდები, რომ შემდეგში გავაუმჯობესო“, - აღნიშა სპორტსმენმა.
ლევან დემუროვი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი, ასევე, ევროპის ორგზის პრიზიორია.
სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელები ავთანდილ შოშიაშვილი და ბექა ლობჟანიძე არიან.
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ხუთი სპორტსმენით ასპარეზობდა. ქართველების ანგარიშზე ორი მედალია.