ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამა გორის, ქარელის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ასევე, ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელსა და სოფელ კაჭრეთში განხორციელდება. პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება 50%-ით, ახალგაზრდებისათვის - 55 %-ით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვისათვის კი 60%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობას, 30 000 ლარს შეადგენს.
„პროგრამის მიზნობრიობებს დაემატა მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსება. უნდა აღინიშნოს, რომ თანადაფინანსების მოცულობა განსხვავებულია ტექნიკის სიმძლავრის მიხედვით და მერყეობს 1 000 ლარიდან 5 000 ლარის ფარგლებში.
0.5 ჰექტრიდან 0.2 ჰექტრამდე შემცირდა პროგრამით მოთხოვნილი მიწის ფართობის სავალდებულო მინიმუმიც (გარდა აგრო მეტეო სადგურისა).
პროგრამით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის, ასევე, მარწყვისა და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.