საზოგადოება
17.04.2025 13:23
სააღდგომო უქმეებზე მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ - როდიდან შეძლებენ მოქალაქეები დაჯავშნილი მომსახურების მიღებას

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ.

უწყების ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გეგმური (უფასო) გასვლა 18, 19 და 21 აპრილს უწევთ, აღნიშნული დღეები დაემატებათ პირველი ეტაპის ჩასაბარებლად განკუთვნილ 30 კალენდარულ დღეს.

ის მოქალაქეები კი, ვისაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპისთვის (მოედანი) განკუთვნილი 30 კალენდარული დღე ეწურებათ აღნიშნულ პერიოდში, გამოცდაზე გასვლის უფლებით 25 აპრილის ჩათვლით ისარგებლებენ.

რაც შეეხება სხვა სერვისებს, პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად 22 აპრილი განესაზღვრებათ.

ისინი კი, ვისაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა 22 აპრილის ჩათვლით გაუხანგრძლივდებათ.

კვირის ამბები