გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს, 16 აპრილს, რიტუალ „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავის, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია და დასჯადია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.
„ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, „ჭიაკოკონობა“ - უძველესი ქართული რიტუალი და ცეცხლით განწმენდის დღეობაა, რომელიც დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისგან განმწმენდ ძალაზე.