გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ორგანიზებით, გორში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ესსეების, კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსები, ასევე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში განხორციელდა პროექტი - „საუკეთესო მოქართულე“.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებათა ციკლს ყოველწლიურად ახორციელებენ და ატარებენ სხვადასხვა შინაარსის მარათონს, რომლის მიზანიც ქართული ენის პოპულარიზაციაა.
„აღნიშნული კონკურსები მარტში დაიწყო, ეტაპობრივად ხორციელდებოდა და 14 აპრილს, დედა ენის დღეს საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. აქტივობაში კულტურის სააგენტოს შემოქმედებითი წრეების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება ესსეების, კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსებს გორის საჯარო და კერძო სკოლების 400-მდე მოსწავლე იყო ჩართული. გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ, მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეების მასწავლებლებიც“, - აღნიშნეს სააგენტოში.